სიახლეები
რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონია
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანწესებული მოსამართლე რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.
რევაზ ნადარაია დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 2025 წლის 3 აპრილს.
მას აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. კერძოდ, რევაზ ნადარაია 15 წლის მანძილზე ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას საერთო სასამართლოებში. სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); დაბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად.
