სიახლეები

საბერძნეთის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 30 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „საბერძნეთის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", განმწესრიგებელი სხდომა (კონსტიტუციური სარჩელები №1267 და №1268).

№1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, შეჩერებულია უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების უფლება. მოსარჩელეების მტკიცებით, ისინი წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოსთან, როგორც სამშობლოსთან, ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ. შესაბამისად, მათ სურთ, დაირეგისტრირონ მემკვიდრეობით უკვე მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აგრეთვე, მომავალშიც შეიძინონ ახალი ქონება საქართველოში. კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია, რომ გასაჩივრებული ნორმა და მისი მოქმედების შედეგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინებით ძალადაკარგულად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსის არის. შესაბამისად, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, რომ ნორმა საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

№1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.