სიახლეები

საზაფხულო სკოლა "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები" დასრულდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს, ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლის "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები" დახურვის ცერემონია გაიმართა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ მონაწილეებს სკოლის დასრულება მიულოცა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის პროფესორმა ეკჰარდ პახემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა ფირცხალაიშვილმა. 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, ევროპის კავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემაზე, პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის უფლების ევროპულ სტანდარტებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობაზე ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პრაქტიის შესახებ დასხვა.

ლექციებს უძღვებოდნენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდენ ქართველი და გერმანელი სტუდენტები ვიურცბურგისა და იენას უნივერსიტეტებიდან, ასევე საჯარო მოხელეები.

აღნიშნული საზაფხულო სკოლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვიურცბურგის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც მხარს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა უჭერდა.