სიახლეები

საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში“

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალწარმოება საქართველოში“, რომელიც 16-19 ივლისს ჩატარდა. საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებს სერთიფიკატები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა გადასცა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექციები საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივმა მრჩევლებმა წაუკითხეს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებსა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ. კერძოდ, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მეტი ინფორმაცია, ზოგადად, საკონსტიტუციო კონტროლის წარმოშობასა და მის სისტემურ ასპექტებზე. ლექციათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურას, და ასევე, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ღირებული ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, განეხილათ გადაწყვეტილებების შინაარსობრივი ასპექტები.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია სამომავლოდაც გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მან სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მოულოცა საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება.

მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა  ანასტასია ფუტკარაძემ.    

ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეექვსე საზაფხულო სკოლას უმასპინძლა.