სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1400 კონსტიტუციურ სარჩელს
2021 წლის 20 აპრილს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1400).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.
განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, რომლებიც ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წესს. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლისა და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.
მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, პირს ერთმევა შესაძლებლობა, ობიექტური საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება 5 წლის ვადის გასვლის შემდგომ. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაუცველობა შესაძლოა განპირობებული იყოს საპატიო მიზეზით. შესაბამისად, სადავო ნორმებით იმპერატიულად დადგენილი საპროცესო ვადები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
დავის საგანი:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და ამ ვადის გაგრძელების აკრძალვას;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.