სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1384)

2021 წლის 27 და 28 მაისს, 11 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1384).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმები ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და განსაზღვრავს სქემის ფარგლებში დასაქმებულის და დამსაქმებლის მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და აიძულებს მას, თავისი ნებისგან დამოუკიდებლად, დაზოგოს თანხა საკუთარი კეთილდღეობისთვის. მოსარჩელეთა პოზიციით, სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი პატერნალიზმის ამგვარი ფორმა არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შენატანების გადახდით დამსაქმებელი არ იღებს რაიმე სარგებელს, რაც უტოლდება მისთვის ახალი საგადასახადო ტვირთის დაკისრებას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახალი გადასახადის დაწესება რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

(ა) ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

(ბ) ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.