სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1434 და №1466 კონსტიტუციურ სარჩელებს

2021 წლის 9 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა, საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1434 და №1466).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

სადავო ნორმების მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამასთან, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე.

კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, სადავო ნორმა უშვებს ყადაღის დადებას იმ ქონებაზე, რომელიც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, თუმცა მის მესაკუთრეს აღნიშნულ დანაშაულთან კავშირი არ აქვს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად არ არის ცნობილი. მოსარჩელეთა განმარტებით, ამგვარი რეგულირება არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.