სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს N1264 კონსტიტუციურ სარჩელს

2022 წლის 20 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვა საქმეზე „გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილების შემთხვევაში პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვისას გამომძიებლის/პროკურორის სახელმძღვანელო სტანდარტი, რაც მათ განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალოთ, აღნიშნული კი მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას განაპირობებს. გარდა ამისა, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სასამართლო სხდომის დახურვის წესს.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.