სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა N1377 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა N1377 კონსტიტუციური სარჩელი („დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მოსარჩელის სხვა ქონებაზე ამავე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის საშუალებათა მიღმა სხვა ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს როგორც ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად, ასევე, მის უძრავ/მოძრავ ქონებაზე იპოთეკისა ან/და გირავნობის ვალდებულების გავრცელებით, რომელიც შემდგომში გახდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ზარალის ასანაზღაურებლად სარეალიზაციო ობიექტი.

მოსარჩელის პოზიციით, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლოა არა მარტო ფულადი თანხის ან/და ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, არამედ, ასევე, უზრუნველყოფის ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა იპოთეკა ან/და გირავნობა. ისეთ პირობებში, როდესაც პირს არ აქვს ფულადი თანხა ან/და ფასიანი ქაღალდები, თუმცა აქვს ქონება, რომლის ღირებულებაც სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ქონებით მოახდინოს უზრუნველყოფის გარანტირება, რაც იწვევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და მომავალში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს, რაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევის მიზნებისთვის. მოპასუხემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოფის ღონისძიების სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. კერძოდ, სადავო ნორმით სახეზეა სამი ალტერნატიული სამართლებრივი მოწესრიგება: 1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; 2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა და 3. უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება წინა ორი ალტერნატივის არარსებობისას. მოპასუხის პოზიციით, უფლებაში ჩარევა ხორციელდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დაბალი ინტენსივობის მქონე გამოსადეგი და ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, რომელიც პროპორციულია და მიზნად ისახავს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი შესაძლებლობების გათანაბრებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული სადავო ნორმატიული შინაარსი ჩარევას ახდენს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფისა და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უფლებრივ კომპონენტებში, სადავო შემზღუდველი ნორმატიული შინაარსის ლეგიტიმურ მიზანს კი წარმოადგენს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი მოთხოვნები უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი დეტალურად განმარტავს ამ მექანიზმის გამოყენების პროცედურას, რაც წარმოადგენს მოპასუხის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით სრულად იკრძალება მხარეთა შეთანხმების, ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდის ან საბანკო გარანტიის მიღმა მოსარჩელის სხვა ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის სხვა სახის გარანტიის გავრცელება და მოპასუხე მხარე კანონმდებლობით აღჭურვილია მხოლოდ და მხოლოდ ზემოხსენებული ალტერნატიული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობით. სასამართლოს მითითებით, ბუნებრივია, ზოგადად, ამგვარი რეგულირება ხელს უწყობს მოპასუხის შესაბამისი საპროცესო გარანტიებით დამატებით აღჭურვას საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთანავე, მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას ემსახურება მოპასუხის იმ საპროცესო გარანტიით აღჭურვა, რომელსაც წარმოადგენს სადავო ნორმით გათვალისწინებული საშუალებები [მხარეთა შეთანხმება, ფულადი თანხა/ფასიანი ქაღალდი ან საბანკო გარანტია]. ამავდროულად, შეუძლებელია არსებობდეს მხარეთა შეთანხმების, ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდისა ან საბანკო გარანტიის გარდა სხვა, ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა მოპასუხის ინტერესების დაცვას. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შემზღუდველი ღონისძიება დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალებაა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან N1377 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პრობლემა მომდინარეობს სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის ერთ-ერთი მხარის, მოსარჩელის პერსპექტივიდან, აუცილებელია, შემზღუდველი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნის შეფასება მოსარჩელის ინტერესებისა და იპოთეკისა ან/და გირავნობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იპოთეკისა და გირავნობის სამართლებრივ ბუნებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებად იპოთეკისა და გირავნობის საკანონმდებლო მექანიზმებად გათვალისწინება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ ფუძემდებლურ ნორმა-პრინციპებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკა თავისი ბუნებით არის სახელშეკრულებო ურთიერთობის სფერო, რომელშიც მონაწილეობენ მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, დამოუკიდებლად იღებენ ვალდებულებებსა და კისრულობენ პასუხისმგებლობებს იმ რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც ქონების სარეალიზაციოდ გატანას შეიძლება მოყვეს. გირავნობა კი არის სანივთო უფლება სხვის ნივთზე, რომლის შინაარსი განსაზღვრულია კანონით. შეთანხმება გირავნობის შესახებ, ე.ი გირავნობის ხელშეკრულება კი წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას და ის ორმხრივ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს ხელშეკრულების მხარეებისთვის. ამდენად, გირავნობა, იპოთეკის მსგავსად, განეკუთვნება სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელ სფეროს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობაში იპოთეკის ან/და გირავნობის, როგორც საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების სავალდებულო არსებობა საფრთხეს შეუქმნიდა სამართლებრივი და სამოქალაქო სტაბილურობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მოსამართლის მიერ საკითხის იმგვარი გადაწყვეტა, რომ მანვე მიუთითოს დავის რომელიმე მხარეს, საკუთარი [მოსამართლის] შეხედულებისამებრ შედგენილ ხელშეკრულებაზე დათანხმების ვალდებულებაზე, წარმოადგენს კერძო ავტონომიის პრინციპის უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ მოცემულ კონტექსტშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლის მიერ საკითხის შესაბამისი გადაწყვეტა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საშუალებათა გამოყენება წარმოადგენს ამ ნორმის ლეგიტიმური მიზნისა და სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე დავის მხარეთა შორის გონივრული ბალანსის დაცვის სამართლიან გზას, კერძოდ, ემსახურება მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობისა და გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფას, ვინაიდან კანონმდებლის ნება, სადავო ნორმის მოქმედებით უზრუნველეყო მოსარჩელისა და მოპასუხის საპროცესო თანასწორუფლებიანობის დაცვა, სადავო ნორმით თანაბრად უზრუნველყოფილია ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.