სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1637 კონსტიტუციური სარჩელი
2024 წლის 27 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1637 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2, №3, №5, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული, თუკი იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შეიძლება, განთავსდეს დეესკალაციის ოთახში იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. ამასთან, გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრულია, რომ დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, ხოლო საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში, დეესკალაციის ოთახში მოთავსების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას განაპირობებს დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შესახებ სადავო მოწესრიგებით გათვალისწინებული ხანგრძლივობა და მრავალჯერადობა. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, თუკი პატიმრის ძლიერი სულიერი აღელვება გრძელდება 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ესე იგი, სახეზეა მწვავე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რა დროსაც დეესკალაციის ღონისძიება უნდა ჩანაცვლდეს სხვა ღონისძიებით, რომლის ფარგლებში, პირს გაუწევენ ფსიქიატრიულ დახმარებას. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა გასაჩივრებული მოწესრიგების იმ ნორმატიულ შინაარსსაც, რომელიც უშვებს დეესკალაციის ოთახში ერთი და იგივე პირის, პრაქტიკულად, უწყვეტად მოთავსების შესაძლებლობას რამდენიმე დღის განმავლობაში, წუთებისა და საათების ინტერვალებით.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ დეესკალაციის ოთახში განთავსებისთვის გათვალისწინებული ვადა საჭიროა, რომ სრულყოფილად შემოწმდეს პატიმრის მდგომარეობა და მიღებული იქნეს დასაბუთებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, ის უნდა დაბრუნდეს საკანში, მოხდეს მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა თუ გააგრძელოს დეესკალაციის ოთახში ყოფნა, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ჯერ კიდევ, არ არის სტაბილური. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ დეესკალაციის ოთახში გადაყვანიდან მალევე თუ გამოიკვეთება, რომ პირს აქვს მწვავე ფსიქიკური პრობლემა, თანხმობის შემთხვევაში, ხდება მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც პირი არ არის თანახმა, რა დროსაც მოქმედებს არა სადავო ნორმები, არამედ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესები და პროცედურა.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დეესკალაციის ოთახში პატიმრის განთავსების შესახებ ბრძანება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არ მიიღება ერთპიროვნულად, არამედ უსაფრთხოების ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც აღელვებული პირის ქმედებებისადმი თვითკონტროლი და ნებელობა შესუსტებულია, რასაც ადასტურებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკი და ექიმის რეკომენდაცია. ამდენად, პირის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა ხდება არა რუტინულად, ყოველგვარი კრიტერიუმის მხედველობაში მიღების გარეშე, არამედ ინდივიდუალური გარემოებების გამორკვევის შედეგად, წერილობითი ბრძანებით, რომელშიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ასაბუთებს, თუ რის გამო ხდება პირის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეესკალაციის ოთახში აქვს სამედიცინო პერსონალზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა, ხოლო საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დაენიშნოს მედიკამენტოზური მკურნალობა, მათ შორის, ნებაყოფლობითად მიეცეს დამამშვიდებელი საშუალება, ხოლო, თუკი არსებობს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება, ხდება სათანადო დახმარების გაწევა. შესაბამისად, აღნიშნული უსაფრთხოების ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ იმწუთიერი და რეალური საფრთხის ნეიტრალიზება, სათანადო რეაგირება, ზედამხედველობა და ამ საფრთხის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეების დაცვას, როგორიცაა პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობას. ამასთანავე, ამ ღონისძიების გამოყენებას თან ახლავს პროცედურული გარანტიები, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკებს. შესაბამისად, სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.