სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი
2024 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1664 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ გოგვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმის თანახმად, პირს, რომელიც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგა ნოტარიუსის თანამდებობიდან და რომლისთვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, შეუძლია, განცხადებით მიმართოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვოს ნოტარიუსის თანამდებობაზე დაბრუნება, ხოლო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი დაინიშნება ნოტარიუსის თანამდებობაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას ყოფილ ნოტარიუსებს შორის. კერძოდ, იმ პირებს, რომლებიც 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში გადადგნენ თანამდებობიდან, ენიჭებათ შესაძლებლობა, გამარტივებული წესით დაბრუნდნენ ნოტარიუსის თანამდებობაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ხელახლა ჩაბარების, კონკურსში მონაწილეობისა და კანონით განსაზღვრული რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე. ამგვარი შესაძლებლობით კი ვერ სარგებლობს მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ყოფილი ნოტარიუსები. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის შემოღება განპირობებული იყო 2010 წელს ნოტარიატის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებებით. ახალი კანონით მნიშვნელოვნად შეიცვალა ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის წესი, წაყენებული მოთხოვნები და პროცედურა, რამაც გააჩინა რისკი, რომ რეფორმის შემდეგ, დროის გარკვეულ მონაკვეთში, შესაძლოა, შეფერხებულიყო ახალი ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნა. ამ რისკი თავიდან ასაცილებლად კი, კანონმდებელმა დაუშვა გამონაკლისი და ყოფილ ნოტარიუსთა გარკვეულ ნაწილს მისცა თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნების უფლება. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმამ ამოწურა მოქმედების პოტენციალი და, დღეის მდგომარეობით, პრაქტიკული დანიშნულება აღარ გააჩნია - მისი მოქმედება მხოლოდ ფორმალურია.
საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას თანასწორ სუბიექტებს - ყოფილ ნოტარიუსებს შორის, ხოლო განსხვავებული მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ ნოტარიუსთა ნაწილს - 2008 წლის პირველი აპრილიდან 2010 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში თანამდებობიდან გადამდგარ პირებს - თანამდებობაზე დაბრუნება შეუძლიათ საგამონაკლისო, გამარტივებული წესით. განსხვავებით ყველა სხვა ყოფილი ნოტარიუსისაგან, მათზე არ ვრცელდება 2010 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ახალი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, თანამდებობაზე დანიშვნისას კონკურსის გავლის, პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობის მაღალმთიან დასახლებაში განხორციელების შესახებ და სხვა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ დებულებას დღესაც აქვს მოქმედების პოტენციალი და სადავო ნორმის სუბიექტებს კვლავ შეუძლიათ ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დაბრუნება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ყოფილ ნოტარიუსთან ნაწილისათვის პრივილეგიების მინიჭება ვერ გამართლდება 2010 წელს განხორციელებული რეფორმიდან მომდინარე რისკებზე მითითებით, რადგანაც არ დასტურდება, რომ ეს რისკი დღესაც რელევანტურია და რაიმე ფორმით, შეიძლება, აფერხებდეს ახალი კადრების ნოტარიუსთა თანამდებობაზე დროულად დანიშვნას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ყოფილი ნოტარიუსებისათვის პროფესიაში გამარტივებული გზით დაბრუნების უფლების მინიჭება, შესაძლოა, წარმოადგენდეს სანოტარო საქმიანობის უწყვეტობის და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მექანიზმს. თუმცა, ამ უფლების მინიჭება მხოლოდ კონკრეტულ თარიღში თანამდებობიდან წასული პირებისათვის, იმის დასაბუთების გარეშე, თუ რატომ ენიჭებათ მათ პრიორიტეტი, არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა, ხოლო მისი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2025 წლის 1 ივნისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს დრო, გადაწყვიტოს თუ რომელი მექანიზმით სურს პირთა შორის თანასწორობის აღდგენა.