სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1547 კონსტიტუციური სარჩელი
2024 წლის 27 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1547 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმა კრძალავდა 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემული იყო ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავდა პირის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობას, კერძოდ, 110 კგ-მდე ოდენობის მდედრობითი სქესის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, შესაბამისი საკანონმდებლო დელეგირების გარეშე, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შეზღუდვისთვის განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებულ მეწარმეობის თავისუფლების უფლებასაც, რადგან გასაჩივრებული რეგულაციის პირობებში, მცირე ფერმერები, მაღალი ხარჯების გამო, ვეღარ ახერხებდნენ სამართლიან კონკურენციას იმ ფერმერებთან, რომლებიც ფლობდნენ დიდ მეურნეობას და მეტად უნარიანები იყვნენ ექსპორტზე გაეყიდათ საქონელი შესაბამისი მასის მიღწევის შემდეგ.
საქართველოს მთავრობის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა განპირობებული იყო შიდა პირველადი წარმოების ხელშეწყობა/გაზრდის და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან ქვეყანაში მცირდებოდა მსხვილფეხა საქონლის, განსაკუთრებით კი ფურების სულადობა. საფურე ხბოების ექსპორტი იწვევდა საქონლის აღწარმოების შემცირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ამცირებდა როგორც რძის, ასევე ხორცის წარმოების მოცულობას და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაცია შეესაბამებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის იყო ძალადაკარგული, მაგრამ კანონმდებლობაში კვლავ არსებობდა რეგულირება, რომელიც არსებითად იმეორებდა კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ სამართლებრივ პრობლემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ, მოდიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, შეაფასა მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა რეგლამენტირებულ იქნეს კანონით. ვინაიდან ზემოხსენებული შეზღუდვა დაწესდა საქართველოს მთავრობის დადგენილების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, პირველ რიგში შეფასდა გასაჩივრებული რეგულაციის შესაბამისობა ზემოაღნიშნულ ფორმალურ მოთხოვნასთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ სადავო ნორმა არ იყო მიღებული დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, რადგან არ არსებობდა მადელეგირებელი საკანონმდებლო აქტი, რომლის საფუძველზეც მთავრობას ექნებოდა შესაძლებლობა შეეზღუდა მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაცია ვერ პასუხობდა საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნას და იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის არსებული მჭიდრო კავშირს და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან გასაჩივრებული რეგულაციის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა - ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2025 წლის პირველ აპრილამდე, რათა საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული საკითხი.