სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოების მონაწილეების ელექტრონული პორტალი აამოქმედა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის იანვარიდან დაიწყო საკონსტიტუციო სამართალწარმოების ელექტრონული სისტემის გამოყენება. 2020 წლის აპრილიდან, ტესტირების რეჟიმში ამოქმედდა სისტემის გარე მომხმარებლების (მოსარჩელე/მოპასუხე მხარის და მათი წარმომადგენლების) ელექტრონული პორტალი. დღეიდან ამ პორტალით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულ მიმდინარე კონსტიტუციურ სარჩელზე არის სარჩელის/წარდგინების ავტორი ან მოპასუხე/სადავო ნორმატიული აქტის მიმღები, აგრეთვე მათი წარმომადგენელი. 

ელექტრონული პორტალის მეშვეობით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამის საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია დაამყარონ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 

ელექტრონული პორტალით სარგებლობისთვის აუცილებელია სამართალწარმოების მონაწილემ ინსტრუქციით დადგენილი წესით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. პორტალის გასააქტიურებელი ბმული პირს გაეგზავნება მოთხოვნის ავთენტურობის შემოწმების შემდეგ. გთხოვთ, საფუძვლიანად გაეცნოთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ელექტრონული პორტალის გააქტიურების და გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას

საკონსტიტუციო სამართალწარმოების ელექტრონული სისტემა შეიქმნა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) დახმარებით. ამასთან, სისტემისა და გარე მომხმარებლების ელექტრონული პორტალის კრიტიკული მნიშვნელობის მოდულების სიმყარის, უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით პროექტის მხარდაჭერას აგრძელებს ევროპის საბჭო. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სასამართლოსა და მხარეებს შორის კომუნიკაციის მოდულის დახვეწა, გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი რეგლამენტიდან მომდინარე საჭიროებების შესაბამის პროგრამულ მოდულებში ასახვა.