სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განიხილავს საქმეს „გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი№1498).

2020 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1498).

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა.

მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს - საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კი იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.

მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, არ არსებობდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის საჭიროება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად შეზღუდვის ხარჯზეც. კერძოდ, პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების გზით მოქალაქეების გადაადგილების დაშვებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.