სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამოქალაქენო, ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს.

დღეს საქართველო მოქმედი კონსტიტუციის მიღებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს, რაც ღირსშესანიშნავი მოვლენაა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე, მიიღო სახელმწიფოს ძირითადი კანონი. მიუხედავად სირთულეებისა, ახალმა კონსტიტუციამ, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებას და ჩვენი ქვეყანა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებასა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული გახადა.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის დასაბამს წარმოადგენს 1918–1921 წლებში განვითარებული სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესები. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ქართველი ერის ისტორიულ სწრაფვაზე დამოუკიდებლობისკენ. 1921 წელს კი მიღებული იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც გამორჩეულად პროგრესული დოკუმენტი იყო დასავლური კონსტიტუციონალიზმის იმდროინდელი საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

როგორც ცნობილია, საბჭოთა ინტერვენციის გამო, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ბეჭდური ფორმით გამოცემაც კი ვერ მოესწრო. სწორედ აქ ბათუმში, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი ადგილსამყოფელია, პირველად, ცალკე გამოცემად დაიბეჭდა 1921 წლის კონსტიტუცია; დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო, 1921 წლის კონსტიტუცია რეალურად ვერ ამოქმედდა და მხოლოდ მოკრძალებული წვლილი შეიტანა საქართველოს სამართლებრივი განვითარების პროცესში. სწორედ ამიტომ, 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციამ შექმნა საქართველოს - როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების რეალური პერსპექტივები.

სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობისა და ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შინაარსისა და ფარგლების ჩამოყალიბების პარალელურად, კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს. როგორც ცნობილია, დღიდან მისი მიღებისა, საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე გადაისინჯა. თავდაპირველთან შედარებით, დღეისათვის არსებითად შეიცვალა სახელმწიფო ხელისუფლების მართვა-გამგეობის მოდელი, საარჩევნო სისტემა, ასევე, ახლებურად ჩამოყალიბდა და ბოლო პერიოდის ცვლილებებით დაიხვეწა ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ კონსტიტუციური დებულებები.

დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს იმ სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესის შედეგს, რაც ჩვენს ქვეყანაში გასული 25 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და, ამასთანავე, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს საქართველოში დემოკრატიული ცნობიერების შეუქცევადი ზრდის, სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ხარისხს.

საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. დღიდან დაარსებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეიქმნა სწორედ 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის საფუძველზე, განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლო. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც კონსტიტუციის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე ორიენტირებული საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო. წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ღირებული წვლილი შეიტანა საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური მართლწესრიგისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პატივსადებ მისიას წარმატებით ართმევს თავს და, შესაბამისად, ხელს უწყობს კონსტიტუციის უზენაესობის რეალიზებას საქართველოში.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს და გამოვთქვამ ღრმა რწმენას, რომ საქართველოში დემოკრატიის, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განვითარება და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ ღირებულებათა სისტემის შესაბამისად, მომავალშიც განუხრელად გაგრძელდება.

მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ბათუმი, 2020 წლის 24 აგვისტო