სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამოქალაქენო, ქალბატონებო და ბატონებო,

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა. 27 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქართული სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და თანმდევი პოლიტიკურ-სოციალური ძნელბედობის ფონზე, ძირითადი კანონის შემუშავების შედეგად შეიქმნა ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის ნიადაგი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების მტკიცე საფუძველი.

ჩვენი მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამავდროულად, შთაგონების წყაროა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე. საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუცია აგრძელებს 1918-1921 წლების პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებს და საქართველოს განვითარების ორიენტირს დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ჩარჩოში განსაზღვრავს.

საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ გარანტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ინსტიტუციური განვითარების დიდი გზა განვლო. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ღირებული წვლილი შეიტანა საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარების, კონსტიტუციის უზენაესობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში.

არსებობის 27 წლის მანძილზე, 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია რამდენჯერმე გადაისინჯა. საქართველოს ძირითადი კანონი კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სამართლებრივ სივრცეს. მოქმედი კონსტიტუციით გარანტირებული სახელმწიფოებრივი მისწრაფება, საქართველოს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციისკენ, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, რომლის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის ვალია.

სიმბოლურია, რომ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს უკრაინა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებებია, რომელიც თავისუფლებისმოყვარე ხალხის სუვერენულ ნებას წარმოადგენს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს!

 

მერაბ ტურავა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

 

ბათუმი, 2022 წლის 24 აგვისტო