სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების ვიზიტი თურქეთში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უფროსმა სამართლებრივმა მრჩეველმა, რევაზ ბერულავამ და მოსამართლის უფროსმა თანაშემწემ, გიორგი ხაზალიამ მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ანკარაში 5-6 ოქტომბერს გაიმართა.
ღონისძიება თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, აზიის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და მათი ექვივალენტური ინსტიტუტების ასოციაციის ორგანიზებით წელს მეთოთხმეტჯერ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 39 ქვეყნის წარმომადგენელმა. თემას წარმოადგენდა: „უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ძირითადი პრინციპები“.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი რევაზ ბერულავა თემაზე - „უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ძირითადი პრინციპები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით“. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლოს მოსამართლეებს.