სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის პრაქტიკა ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კრებულში მოექცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებები ვენეციის კომისიის („ევროპული კომისია დემოკრატიის მეშვეობით“) პერიოდული გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. ვენეციის კომისიის გამოცემა (e-Bulletin on Constitutional Case-Law) აერთიანებს ევროპის კონტინენტზე და მის მიღმა საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ორგანოების პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებას სასამართლო პრაქტიკაში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ.   

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის გამოცემაში მოექცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიღებული ის 5 გადაწყვეტილება, რომლებსაც ასევე  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2018 წლის ინფორმაციაში, საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე.

ვენეციის კომისიის გამოცემაში აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას პირადი მოხმარებისათვის იმ პირობებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს ან საჯარო ინტერესებს. საკონსტიტუციო სასამართლო აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საჯარო დისკუსიებსა და სხვა ფორმატის განხილვებში, რათა სწორად მომხდარიყო მიღებული გადაწყვეტილებისა და მასში ასახული კონსტიტუციური სტანდარტების გააზრება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფართოდ შუქდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიით და მოექცა არაერთი ავტორიტეტული მედიის ყურადღების ცენტრში.

ამასთანავე, ვენეციის კომისია ყურადღებას უთმობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებს N671 და N811 კონსტიტუციურ სარჩელებზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ერთი მხრივ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და, მეორე მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებული იყო საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას.

ასევე, ვენეციის კომისიის გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №3/10/1267,1268 განჩინებაზე. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლება, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელთა საკუთრების უფლების მოპოვების აკრძალვა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზე იყო ნორმა, რომელიც შინაარსობრივად შეიცავდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ანალოგიურ მოწესრიგებას. აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა პრაქტიკის შეცვლის საჭიროება, კიდევ ერთხელ დაიცვა საკუთარი პრეცედენტი და არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.

ვენეციის კომისიამ ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისს №2/6/1216 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებაზე და ამ სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებზე. სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობა მისი თვითმყოფადობის, ისტორიისა და კულტურის გამოხატულებაა და მას უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, მის ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით მაქსიმალურად აიცილოს თავიდან კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვას იგი კერძო პირების მიერ დაზიანებისაგან.

დაბოლოს, გამოცემა ასევე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/8/765 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომლის თანახმადაც, ახალი მტკიცებულების გამოვლენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთი მხრივ, იცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობასა და შეუქცევად აღსრულებას, მეორე მხრივ, ადგენს პირის უფლებას, სათანადო საფუძვლების არსებობისას მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებების გამო გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს პირის უფლებას, თუ სათანადოდ არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მცდარობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები და გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების სრული გაუქმების, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის რევიზიის აუცილებლობაზე. მაგალითად, შესაძლებელია, მოსამართლე მივიდეს დასკვნამდე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება საქმის განხილვის სტადიაზე რომ ყოფილიყო ცნობილი, შესაძლოა გამოეწვია მხარის მოთხოვნის შემცირება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის რომელიმე ასპექტის შეცვლა და ა.შ. ამის მიუხედავად, სადავო ნორმის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შეტანილი განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე სრულად უქმდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს გადაწყვეტილების გადახედვის წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემს შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზით გადაწყვიტოს, რა ფარგლებში გაუქმდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უფლების არაპროპორციულ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ხსენებული თანამშრომლობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო მისი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად აწვდის ვენეციის კომისიას, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო, დიპლომატიურ და ადგილობრივ ორგანიზაციებს.

ვენეციის კომისიის გამოცემას შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2QfXqWl