სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" დასრულდა

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" დასრულდა, რომელიც წელს 15-ედ გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ გახსნა. მან მონაწილეებს წარმატებული პროექტის ჩატარება მიულოცა და მომავალ იურისტებს პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა უსურვა. სტუდენტებს სიტყვით მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმაც.

წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტები.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომელსაც უძღვებოდა ჟიური/სასამართლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თეიმურაზ ტუღუში (ჟიურის ხელმძღვანელი), საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე და საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.

ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდნენ: გამარჯვებული გუნდი - ელდარ ჯავახიძე, მზექალა რომანაძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი); საუკეთესო მოსარჩელე - ელდარ ჯავახიძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი); საუკეთესო მოპასუხე და საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული - ნიცა სირაძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრიოზიორები - ლუკა გოგავა (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) და ლილიკო გვარამია (ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ოლიმპიადის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და სპეციალური საჩუქრები.

ოლიმპიადას ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი” (IRZ). ოლიმპიადის ორგანიზატორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზტდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული „იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი“ ოყო.