სიახლეები
„სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1355 და №1389)
2019 წლის 7 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1355 და №1389).
განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდება პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ამავე კატეგორიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. ამავდროულად, სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება პროკურორის დადგენილება დაზარალებულისათვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი შეუძლებელს ხდის სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დაცვას და, ამდენად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთანავე, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათგან განსხვავებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შეუძლიათ პროკურორის დადგენილების პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება. მათი აზრით, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენება იწვევს პირთა დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: 1) №1355 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის საქართველოს N3276-რს კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 2) №1389 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.