სიახლეები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციას 95 წელი შეუსრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას უმასპინძლა, რომელიც თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო. სიმბოლურია ღონისძიების გამართვის ადგილი, რადგან სწორედ ამ შენობაში მიიღო დამფუძნებელთა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს დემოკრატიული რეპუბლიკის პირველი კონსტიტუცია.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მიესალმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ლევილის „ქართული კერის“ მმართველი ირენ ციციშვილი, რომელიც ღონისძიებაზე დასასწრებად საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით საფრანგეთიდან ჩამოვიდა. გიორგი პაპუაშვილს მისალოცი წერილი აშშ-დან ნოე ჟორდანიას ვაჟმა, რეჯებ ჟორდანიამ გამოუგზავნა (იხილეთ თანდართული ფაილი).

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წარმოდგენილი იყო პირველი კონსტიტუციის მიღების ამსახველი ფოტოგამოფენა.

საღამოს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.