სიახლეები
„საქართველოს მოქალაქე გეგი არღვლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1303)
2018 წლის 15 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გეგი არღვლიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1303).
№1303 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის სახედ განსაზღვრავს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსარჩელე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის (0,00025 გრამის ოდენობით) უკანონოდ, დიდი ოდენობით, დამზადებისა და შენახვის გამო. მისი განმარტებით, დეზომორფინი მოიხმარება ინტრავენური გზით. 0,00025 გრამს იწონის დეზომორფინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი მოხმარება, შეუძლებელია. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შეძენა ან/და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას.
მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ოდენობის დეზომორფინი, რომელიც არ აღემატება ერთ გრამს, კვალიფიცირდება როგორც დიდი ოდენობა, განურჩევლად იმისა, ვარგისია თუ არა იგი მოსახმარად. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 0,00025 გრამი დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის, დიდი ოდენობით, დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.