სიახლეები

„საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №779)

2018 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №779 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 სადავო ნორმების თანახმად, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

 მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა არღვევდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

 საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვას მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნები გააჩნია. კერძოდ, იგი ემსახურება პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფას და სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვას. შესაბამისად, ბუნებრივია აპელაციის შესაძლებლობა ყველა საქმეზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი  განურჩევლად საქმის მნიშვნელობისა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შეზღუდვა პირის უფლებას არღვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას კონკრეტული დავიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების  მომეტებული ინტერესი გააჩნია.

 საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების მომეტებულ ინტერესის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება პირის მიერ მძიმე სამართალდარღვევის ჩადენა, მის მიერ სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრების უფლებას ვერ გადაწონის პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს განტვირთვის ლეგიტიმური მიზნები.

 სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები, რომლებიც სახდელის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს თავისთავად მიჩნეულ უნდა იქნეს მძიმე სამართალდარღვევებად. შესაბამისად, ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილების გასაჩივრების  შეზღუდვა არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

 საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების არსებობის ერთ-ერთი მიზანია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გასაჩივრების დაუშვებლობა იმ პირობებში, როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლოები ნორმებს განსხვავებულად განმარტავენ, ფაქტობრივად, სააპელაციო მექანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე უარის თქმას უთანაბრდება. ამდენად, სასამართლომ  არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის პირობებში სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

 საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე.

 დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271–ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „გარდა ამ კოდექსის 272–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, 272–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და მე-2 წინადადების სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“; ამავე  ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ და  „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.