სიახლეები

საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2018 წლის 11 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №663).

მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმება ამ ფაქტს.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირები რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის  საჭიროება წარმოეშვათ სადავო ნორმის ამოქმედების (2013 წლის 1 ივნისი) შემდეგ კარგავენ სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას. მაშინ როდესაც, სადავო ნორმა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას არ ართმევს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდნენ სადავო ნორმის ამოქმედებამდე. შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ხსენებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა თანასწორობის უფლებას არღვევს.

მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა პირს აიძულებდა არჩევანის გაკეთებას მის საცხოვრებელ სახლსა და სოციალური დახმარების მიღების უფლებას შორის, რითაც ხდებოდა პირის მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულაცია ლახავს მისი თანასწორობისა და ღირსების უფლებებს, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-17 მუხლებით.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს - სახელმწიფო საკუთრების დაცვას. ამასთანავე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ იწვევდა პირის უფლებების გადამეტებულ შეზღუდვას და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ სოციალური დახმარებით  სარგებლობის მიზნებისათვის, თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდნენ ყველა ის პირი, რომლებიც უნებართვოდ ცხოვრობდნენ  სახელმწიფო საკუთრებაში, იმისდა მიუხედავად თუ როდის წარმოეშვათ აღნიშნულ პირებს სოციალური დახმარების მიღების საჭიროება. სადავო ნორმა ზღუდავს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები პირის სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, მაშინ როდესაც მონაცემთა ბაზაში სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მყოფი პირები აგრძელებდნენ სოციალური დახმარების მიღებას. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირ პირობებში მყოფი (სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მცხოვრები) პირების ნაწილს ჰქონდა სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობა, ნაწილს კი არა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ დიფერენცირებას არ ჰქონდა გონივრული გამართლება და ეწინააღმდეგებოდა  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.  

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი მოახდინოს საკუთარი ქონების ხელყოფის აღკვეთა, რასაც არც მოსარჩელე მხარე არ ხდიდა სადავოდ. თუმცა, ქონების ხელყოფის აღსაკვეთად გამოყენებული ღონისძიების შერჩევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო. კერძოდ, შერჩეული ღონისძიება არ უნდა არღვევდეს ადამიანების მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის პრინციპს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის ღირსების უფლებასთან მიმართებით შეაფასა იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევის კონსტიტუციურობა და მიიჩნია, რომ ამგვარი ღონისძიების გამოყენებით სახელმწიფო საკუთარი ქონების დასაცავად, მისი ხელყოფის აღსაკვეთად, იყენებს ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იქნეს მიზნის მიღწევის საშუალებად, შესაბამისად იძულების ღონისძიების სახით სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობის ჩამორთმევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.

საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.

დავის საგანი:

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.