სიახლეები

საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ შეწყვიტა საქმე საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარიას კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის №604) საქართველოს პარლმენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (რწმენის თავისუფლება) მიმართებით სადავოდ ხდიდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების, „საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის (დროებითი და მუდმივი) ფორმებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას.

სადავო ნორმები გამორიცხავდნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის არაელექტრონული ფორმით გაცემას, რასაც მოსარჩელე მისი რწმენის საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა.

მოსარჩელე თენგიზ ლატარიამ 2017 წლის 30 ივნისს წერილობითი განცხადებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. მსგავს შემთხვევებში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად  ადგენს საქმის შეწყვეტის ვალდებულებას.