სიახლეები

„საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1263)

2018 წლის 26 აპრილს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1263).

N1263 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. მოსარჩელის არგუმენტაციის მიხედვით, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს გასაჩივრების ვადის დინების შეჩერებას ან აღდგენას იმ შემთხვევებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული დადგენილების ჩაბარება არ ხდება კანონით განსაზღვრულ 3 დღიან ვადაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.