სიახლეები
„საქართველოს მოქალაქე კახაბერ კოღუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის კახაბერ კოღუაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №741). მოსარჩელე ითხოვდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომელიც აღმასრულებელს საშუალებას აძლევს, მოვალის ბინაში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს სააღსრულებო მოქმედებები, არღვევს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი და მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მიზანია, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მას მიეცეს მოვალეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი წარმოებაში მიიღოს იმ შემთხვევაში, თუკი სადავო ნორმა ზღუდავს უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებდა სხვათა (მოვალეთა) და არა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №741 კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.