სიახლეები

საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება №880 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლმენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა რეგულაციას, რომელიც ითვალისწინებს პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების გამო. მისი არგუმენტაციით, სახელმწიფოს გააჩნია უფლება, გარკვეული იძულების ღონისძიებები დაუწესოს პირს, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. თუმცა დასახელებული ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციის დაკისრება ახდენს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებში ზედმეტად ინტენსიურ ჩარევას და წარმოადგენს სასტიკ და ღირსების შემლახველ სასჯელს.

საკონსტიტუციო სასამართლოში №880 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ 2017 წლის 26 ივლისს სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ვინაიდან სადავო ნორმის გაუქმება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელზე შეწყდა საქმე.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც დასჯადად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დამზადებას, შეძენას, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას.