სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ლევან მამალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის ლევან მამალაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №713) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 და 39-ე მუხლებთან, ასევე 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმით განსაზღვრულია მსჯავრდებულის მიერ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მის დაპატიმრებამდე ან სათანადო ორგანოში გამოცხადებამდე არ ხერხდება მისთვის დანიშნული სასჯელის გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს, დაუსწრებლად, დანაშაულთა და სასჯელთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულის შემდგომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი ჩანაცვლდა სასჯელთა შთანთქმის პრინციპით. მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებული ახლად გამოვლენილი გარემოების გამო მის მიმართ დანიშნული სასჯელის გადასინჯვა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო აღნიშნული შუამდგომლობა და აღნიშნა, ვინაიდან მოსარჩელე კვლავაც მიმალვაში იმყოფებოდა, მას, სადავო ნორმის საფუძველზე, კვლავ რჩებოდა შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მიუთითებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საჭიროებაზე, ხოლო სადავო ნორმით დარეგულირებულია დაუსწრებელი განაჩენის გასაჩივრების და არა გადასინჯვის წესი. მოსარჩელე პრობლემურად არ მიიჩნევს ახლად გამოვლენილი გარემოების არარსებობის პირობებში განაჩენის გასაჩივრებისათვის დადგენილ წესს. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები და წესი გაწერილია არა სადავო ნორმით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლებით. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე ეთქვა მოსარჩელეს უარი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელის პრობლემა არ მიემართება სადავო ნორმით დადგენილ წესს.

ზემოთქმულის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ №713 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.