სიახლეები
საქართველოს მოქალაქე მაია კონცელიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
2017 წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) №925 კონსტიტუციურ სარჩელზე. საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმები ითვალისწინებს ამნისტიისა და შეწყალების ფორმით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ პირის გათავისუფლებას, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაული.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიისა და შეწყალების აქტები გამოიყენეს გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი წინაპირობების უგულებელყოფით. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მსჯავრდებულის მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული შესაბამისი ნორმატიული აქტები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შინაარსობრივ მიმართებაზე. შესაბამისად, N925 კონსტიტუციური სარჩელი სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ მიიღო არსებითად განსახილველად.