სიახლეები

საქართველოს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის მალხაზ გობოსაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N1211) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ფიზიკური პირების მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, ასევე აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოსა და აღიარების პროცედურას. მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ნორმები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა, მიიტაცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ პირებს შეუძლიათ შეიძინონ საკუთრების უფლება არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე, ხოლო კეთილსინდისიერი მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები იმავე პროცედურით. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო საკუთარი ქონების გასხვისებას ახდენს არა იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების მიღების რეალური საჭიროება გააჩნიათ, არამედ მათზე, ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილია, რაც კიდევ უფრო ზრდის დისკრიმინაციის ხარისხს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი რეგულირება უკავშირდება აღიარებას დაქვემდებარებულ მიწასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრას, იგი არ ახდენს პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფას და რაიმე ნიშნით მათ განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას. რაც შეეხება შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს, მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ უშუალოდ ის წარმოადგენს მსგავსი საჭიროების მქონე პირს და სადავო ნორმები ამგვარად ახდენს მის მიმართ დიფერენცირებას. ამასთანავე, სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები მიმართულია უმცირესობის უფლებების შეზღუდვისკენ ან/და მოსარჩელე მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ რომელიმე უმცირესობას და მისი დიფერენცირება ხდება ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელი N1211 დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

განჩინება მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.