სიახლეები
საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ნადია ხურციძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №650). მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მას და მის წარმომადგენელს სადავო ნორმით დადგენილ კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან სადავო ნორმები სპეციალურ სუბიექტად მხოლოდ პროკურორს მოიაზრებს, შესაბამისად მათ მიერ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულების მოპოვება დამოკიდებული ხდება ამ უკანასკნელის კეთილ ნებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გამორიცხავს დაცვის მხარის შესაძლებლობას, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს დაუპირისპიროს მნიშვნელოვანი და წონადი არგუმენტები.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.