სიახლეები
"საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"
2016 წლის 4 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 99-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება) და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან (დაცვის უფლება) მიმართებით.
სადავო ნორმები ადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოიყენოს სამსახურიდან გათავისუფლება და განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის ფორმებს, რომლებიც შეიძლება გახდეს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გათავისუფლების გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც დისციპლინური წარმოების პროცესში პირი ვერ სარგებლობს ზეპირი მოსმენისა და ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობით, არღვევდა მის კონსტიტუციურ უფლებებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად ჩატარებული წარმოების ფარგლებში, მოხელის მიერ პროცედურული გარანტიებით სარგებლობა მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის არა 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით, არამედ 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სფეროს. სასამართლოში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მისი თანმდევი უფლებების განხორციელება დამოუკიდებელი უფლებრივი კომპონენტია, რომელიც კონსტიტუციის 42-ე მუხლით არის დაცული. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა გათავისუფლებული საჯარო მოხელის უფლებამოსილებას, სასამართლოში გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ გარემოებას, რომ გასაჩივრების შემთხვევაში გათავისუფლებული მოხელის მიმართ სრულად მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიები. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები არ უშვებს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი.