სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ

2017 წლის 2 თებერვალს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (N116 და N200) ბრძანებებში მოცემული ნორმების კონსტიტუციურობა.

სადავო ნორმები ითვალისწინებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმების წესსა და საფუძვლებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული სრული შემოწმების წესი, რომლის მიხედვითაც ხდება მსჯავრდებულის/ბრალდებულის გაშიშვლება, წარმოშობს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საფრთხეს, შეიცავს პიროვნული თავისუფლებისა და ინტიმური ცხოვრების სფეროში გაუმართლებელი ჩარევის რისკებს.

მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების აკრძალვა) მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

სადავო ნორმები: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები, „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანების დანართის 113-ე მუხლის და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებები