სიახლეები
საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 8 სექტემბერს შეწყვიტა საქმე №861 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ).
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებს, მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებს.
სადავო ნორმები განსაზღვრავდნენ პაციენტისათვის სამედიცინო პროგრამაში რიგითი ნომრის მინიჭებისა და მინიჭებული ნომრის მიხედვით, მის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გეგმური წესით გადაყვანის საკითხს. სარჩელის მიხედვით, გეგმიური რიგი ქალ პატიმრებს გაცილებით გვიან უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, რაც განპირობებულია ქალთა სპეციალური საჭიროებების გაუთვალისწინებლობით, სპეციფიკური დაავადებების სწრაფად პროგრესირებადი ხასიათითა და ქალთა რაოდენობის სიმცირით. შესაბამისად, სადავო ნორმები გონივრული გამართლების გარეშე, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ აწესებს თანასწორ მოპყრობას და არღვევს ქალ პატიმართა უფლებას, დროულად იქნენ გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე მოხდა სადავო ნორმების ახალი რედაქციით ჩამოყალიბება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას გულისხმობს. ხოლო არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იწვევს საქმის შეწყვეტას.