სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე  ნუგზარ კანდელაკის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №598) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ხსენებული სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საჩივრდება მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.  მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო სასამართლოა, რაც გამორიცხავს ამ ორგანოს მიერ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონი არ განსაზღვრავდა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის პროცედურას. ამავე დროს, უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციით გადაწყვეტილების მიღება გამორიცხავდა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ  კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს საქმე, რომელიც არ არის დაკავშირებული კასაციის ფუნქციის განხორციელებასთან, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ხელს არ შეუშლის სხვა საქმეებზე მისთვის კონსტიტუციით პირდაპირ მინიჭებული კომპეტენციის - კასაციის განხორციელებას.

 ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ   მართალია, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და საქმის განხილვის პროცედურა, თუმცა 2008 წლიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო ადვოკატთა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის, კანონის ანალოგიის საფუძველზე, იყენებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროცედურას, რომლის კონსტიტუციურობა მოსარჩელეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელს შეზღუდული აქვს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, პირის დისციპლინური გადაცდომის საქმის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება ადვოკატთა ეთიკის კომისიის მიერ, ხოლო სადავო ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, მას არ აქვს წართმეული შესაძლებლობა, წარდგეს ობიექტური სასამართლოს წინაშე, წარადგინოს არგუმენტაცია და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, საქმის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის აუცილებელი იყოს პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, მის მიმართ მიღებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიება გაასაჩივროს ერთზე მეტ სასამართლო ინსტანციაში. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი აუცილებლობა ვერ დაინახა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.