სიახლეები

„საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2016 წლის 4 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოტანა გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა „მეუღლის“ ის ნორმატიული შინაარსი რომელიც გამორიცხავს გვარის შეცვლის შესაძლებლობას, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

სადავო ნორმის თანახმად, პირს ჰქონდა საკუთარ გვართან მხოლოდ მეუღლის გვარის შეერთების უფლება, რაც მოსარჩელეს ართმევდა შესაძლებლობას ეტარებინა საკუთარი და ბებიის გვარების შეერთების შედეგად მიღებული გვარი. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენდა საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელებას. კერძოდ, საქართველოში ტრადიციად არის ქცეული, რომ შეერთებული გვარის ტარება პირს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საკუთარ გვარს მიუერთებს მეუღლის ან მშობლების გვარს. ხოლო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევდა დაბნეულობას საზოგადოებაში, რომელსაც შესაძლოა, ვერავითარი კავშირი ვერ დაენახა პიროვნების ოჯახურ კავშირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლება სახელსა და გვარზე, რომელიც ასევე მოიცავს პირის შესაძლებლობას საკუთარი შეხედულების შესაბამისად განსაზღვროს მათი დასახელება, ადამიანის იდენტობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით. სასამართლოს განმარტებით, მაშინ როდესაც სახელმწიფო გარკვეული სახით ცდილობს დაარეგულიროს სფერო, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეხება ადამიანის იდენტობას, მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რომ მის მიერ შექმნილი ნორმებით არ მოხდეს ადამიანის, როგორც თავისუფალი და რაციონალური ინდივიდის, განვითარების სტაგნაცია. ამასთან ერთად, სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს შეუძლია კონკრეტული მნიშვნელოვანი მიზეზების გამო დაადგინოს გარკვეული წესები, რომელიც ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლებას გარკვეულ ჩარჩოებს შეუქმნის, თუმცა ეს მიზეზები გამართლებული უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ემსახურებოდეს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, ხოლო საშუალებები მისი მიღწევისა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოში დამკვიდრებული ტრადიცია პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის შეერთების შესაძლებლობას არ იცნობს, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს საიმისოდ, რომ მოხდეს ადამიანის თავისუფალი განვითარებისა და იდენტობის შეზღუდვა. სასამართლოს განმარტებით, ღირებული ლეგიტიმური მიზნის გარეშე ადამიანის განვითარების უფლების შეზღუდვა, საფრთხის ქვეშ დააყენებს ადამიანის ინდივიდუალურობას, რაც ამ უკანასკნელისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთარ გვართან პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის მიერთება ხაზს უსვამს პირის ნათესაურ კავშირებს და ეს საზოგადოებაში დაბნეულობას არ უნდა აჩენდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა.