სიახლეები
საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 8 სექტემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო №738 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების წესს, რომლის თანახმადაც, „თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა“.
№738 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს უკრძალავს მსჯელობას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, მანამ სანამ, დამრღვევის მიერ არ იქნება წარდგენილი სამართალდარღვევის აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი. მაშინაც კი, როდესაც მოქალაქის მიმართ გამოცემული არ არის დარღვევის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არ არის დაკისრებული ჯარიმა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო სადავო ნორმის საფუძველზე განუხილველად ტოვებს განცხადებას. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას ანიჭებს, არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებებსა და 39-ე მუხლს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც არ წარმოადგენს სხვა კონსტიტუციური დებულებებით დაცული სფეროს ნაწილს. მოსარჩელის არგუმენტაცია კი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე შეეხებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლების დარღვევას, შესაბამისად ის ვერ მოექცეოდა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ნორმიდან გამომდინარეობს მშენებლობის ნებართვის გასაცემად მშენებლობის სამართალდარღვევის აქტისა და ჯარიმის ქვითრის წარდგენის ვალდებულება, მაშინ როდესაც სამართალდარღვევისათვის არ არის გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმადაც სადავო ნორმის შინაარსი არ გულისხმობს არარსებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას. აღნიშნულზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.
დავის საგანი: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.