სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები – სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 28 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები: №1257 და №1280).

სადავო ნორმის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმის ამგვარი ფორმულირება პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს გამოსცეს თუ არა შემაკავებელი ორდერი. მათი აზრით, პოლიციის თანამშრომლისადმი ამგვარი დისკრეციის მიცემა გაუმართლებელია და იგი ვალდებული უნდა იყოს გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ქალთა მიმართ  ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი.

 საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

 დავის საგანი: ა)  №1257 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ბ) №1280 კონსტიტუციურ სარჩელზე: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.