სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) საქართველოს  მოქალაქეების  ავთანდილ კახნიაშვილისა და მიხეილ ჯიბუტის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №871).

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებთან მიმართებით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბათილად ითვლება ის ბიულეტენი რომელშიც შეუძლებელია დადგენა თუ რომელ საარჩევნო კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა. მოსარჩელე ხსენებულ ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, ვინაიდან მის საფუძველზე ასევე ბათილია ბიულეტენი რომელშიც ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენს, რომ პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის მიერ 50%-იანი ბარიერის ან/და პოლიტიკური პარტიის მიერ 5%-იანი ბარიერის გადალახვის საკითხის განსაზღვრისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში არ ითვლება ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, შესაბამისად, მათ შორის, იმ ბიულეტენების რაოდენობა რომელშიც ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) ვინაიდან, არათანასწორ პირობებში აყენებს ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ, იმ ამომრჩეველთან შედარებით, რომელმაც კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ მისცა ხმა.

სასამართლომ განმარტა, რომ თანასწორობის უფლებას არ ზღუდავს პირთა განსხვავებული ქმედებების მიმართ (ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემა და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემა) სხვადასხვა შედეგის დადგომას. თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უკავშირდება თავად პირებს და არა მათ მიერ ჩადენილ განსხვავებულ ქმედებებს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები ნეიტრალურია პირთა წრის მიმართ. შესაბამისად, თანასწორობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმა მათ ართმევს არჩევნებში მონაწილეობისას აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შესაბამისად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმები საერთოდ არ არეგულირებს აზრის გამოხატვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბიულეტენის ბათილობის შემთხვევებს ადგენს და სადავო ბიულეტენების აღრიცხვის წესს არც კი განსაზღვრავს. ამდენად დაუსაბუთებლად მიიჩნია, მოსარჩელის არგუმენტი რომლის თანახმადაც ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების ცალკე აღურიცხაობით მათი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული მისი აქტიური საარჩევნო უფლების დარღვევაზე. მხარის განმარტებით, კონსტიტუციით განმტკიცებული საყოველთაო საარჩევნო უფლება გულისხმობს არამარტო მოქალაქის უფლებას, ხმა მისცეს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ, არამედ ერთი ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლებასაც.

სასამართლომ მიუთითა, რომ ერთადერთი ეფექტი რაც შეიძლება ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში ჩათვლას მოყვეს არის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ზრდა და შედეგად მაჟორიტარი კანდიდატის ან/და პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვის შეფერხება. სასამართლოს განმარტებით, აქტიური საარჩევნო უფლება იცავს პირის შესაძლებლობას აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი და ამ ფორმით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში. ხსენებული უფლება არ იცავს სხვა პირის მიერ სასურველი კანდიდატის არჩევაში ხელის შეშლის შესაძლებლობას.  ამდენად, სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან (საარჩევნო უფლება) მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №871 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან,  28-ე  მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე  მუხლთან  მიმართებით.