სიახლეები

„საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1271).

2018 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1271).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

მოსარჩელეების განმარტებით, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების თვითნებური განთავსების აკრძალვა თვითმმართველობის ან სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონსტიტუციურად გამართლებულია. თუმცა, მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ სადავო ნორმის იმ შინაარსს, რომელიც კრძალავს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით. მოსარჩელეების მითითებით, სადავო ნორმა არ წარმოადგენს იერსახის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და აღნიშნულის გამო, იგი ლახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. მოსარჩელეები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ სადავო რეგულაციით ასევე იზღუდება პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების გზით აზრის კოლექტიურად გამოხატვის უფლებაც, რის გამოც იგი დამატებით განაპირობებს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების დარღვევას.

 საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.