სიახლეები
„საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №
2018 წლის 21 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №733).
სადავო ნორმები სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას მათ შორის ისეთი ქმედებებისთვის, როგორებიცაა: ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით დამზადება, შეძენა და შენახვა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა და შენახვა.
მოსარჩელეები მსჯავრდებულნი არიან სადავო ნორმებით გათვალისწინებული სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადებით, შეძენით და შენახვით, ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ამ ქმედების ავტორს. ამგვარი ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს. გაუმართლებელია პირის დასჯა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს ანალოგიური ქმედება. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ საშიშროებასთან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ, ღირსების შემლახველ სასჯელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 79-ე გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კოდეინის (0.024919725 გრამამდე), ამავე დანართის 116-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მორფინის (0.4 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას: ბ.ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ N2-ის 29-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე), ამავე დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0.22 გრამამდე), ამავე დანართის 91-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე), ამავე დანართის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (0.3483 გრამამდე), ამავე დანართის 109-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (0.00028 გრამამდე) და 189-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის (0.2640 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის. ბ.ბ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა/შენახვისთვის. ბ.გ) „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდის, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.