სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკი გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქეების - გიორგი კეკენაძის, ნინო კვეტენაძის და ბესიკი გვენეტაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N618) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.  კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა“ და ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ პუნქტის სიტყვების „კერძო სამართლის“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის  41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩლეები მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, რელიგიური გაერთიანებები არ განიხილება საჯარო დაწესებულებად, მათ შორის, მათთვის ბიუჯეტიდან გადაცემული დაფინანსების ნაწილში. შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, რითაც მოსარჩელეებს ერთმევათ საშუალება, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შესახებ.

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საჯარო დაწესებულებაში არსებული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლებას. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიზნებისათვის  საჯარო დაწესებულებად განიხილება ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ამოცანების შესრულებას, ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ფორმით არსებობს იგი და იღებს თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებას.  სასამართლომ ხაზი გაუსვა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სეკულარიზმისა და ურთიერთ საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და მიიჩნია, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიზნებისათვის რელიგიური დაწესებულებები არ წარმოადგენენ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ინსტიტუტებს. ამავე დროს, სახელმწიფოს მხრიდან, მათზე არ მომხდარა რომელიმე სახელმწიფო ფუნქციის დელეგირება, მათ შორის,  მათთვის გადაცემული სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს რელიგიურ დაწესებულებებში არსებული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლებას.

იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპისგან განუყოფელ ღია მმართველობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს წინა  პირობას. თუმცა ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მიემართება საჯარო დაწესებულებებს და არა სახელმწიფოსგან ფუნქციურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელ რელიგიურ გაერთიანებებს.