სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2019 წლის 13 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1306).

სადავო ნორმა განსაზღვრავს სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ „რეიდის“) დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა არ ახდენს დანაშაულების/სამართალდარღვევების სიმძიმის მიხედვით დიფერენცირებას და მსუბუქი ხასიათის სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებისთვისაც კი შესაბამის ღონისძიებად მიიჩნევს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყებას, რაც არაპროპორციული და არაგონივრულია. მოსარჩელის მტკიცებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს აგრეთვე მასში გამოყენებული ტერმინების ბუნდოვანება.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლისას პოლიცია უფლებამოსილია შეზღუდოს პირადი ცხოვრების უფლება, კერძოდ, განახორციელოს შემოწმება-დათვალიერების საპოლიციო ღონისძიებები, მაშინაც კი თუ შესამოწმებელ პირთან მიმართებით დასაბუთებული ეჭვები არ არსებობს. იმავდროულად,  მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ხდება სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც წინააღმდეგობაშია ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან.

დასახელებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ფართომასშტაბიანი ჩარევის პარალელურად, ადგენს ამგვარი ჩარევის გაუმართლებლად დაბალ სტანდარტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.