სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2017 წლის 8 სექტემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო №782 და №783 კონსტიტუციური სარჩელები (საქართველოს მოქალაქეები - დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662-IIს დადგენილებას, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №543-რს დადგენილების სიტყვებს - „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ და „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის №759-IIს დადგენილებას.

მოსარჩელეთა მითითებით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის ნორმების უგულებელყოფით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დაუდასტურა კომპეტენცია. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ არაკონსტიტუციურია აღნიშნული დადგენილების თანდართული სიის ნაწილი, რადგან სიაში შეყვანილი არიან უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც არ გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში. მათი განმარტებით, ნებისმიერი ორგანო არის არა კონკრეტული ტერიტორიის, არამედ ხალხის წარმომადგენელი და, ოკუპაციის პირობებშიც, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რიგებიდან შესაძლებელი უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება. მოსარჩელეთა პოზიციით, მათ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაციული მოპყრობა, რადგან არ აქვთ უფლება, არჩეულ იყვნენ დეპუტატებად. იმ პირობებში კი, როდესაც უმაღლესი საბჭოს წევრებს ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე აქვთ დეპუტატის უფლებამოსილება, ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №662-IIს დადგენილების პრეამბულა, პირველი და მე-4 მუხლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1991 წლის ოქტომბერში არჩეულ დეპუტატთა თანდართული სია  და №759-IIს დადგენილება არ ადგენენ პირთა განუსაზღვრელი წრისკენ მიმართულ ქცევის ზოგადსავალდებულო, მრავალჯერადი გამოყენების წესს. შესაბამისად, ხსენებული სადავო ნორმები არ წარმოადგენენ ნორმატიულ აქტს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის და მათი კონსტიტუციურობის შეფასება არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს.