სიახლეები
საქართველოს მოქალაქეები - დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების დიმიტრი ლომიძისადა ტარიელ ჩოჩიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №699) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმების საფუძველზე კომპიუტერულ სისტემაში დაცული მონაცემების გამოთხოვის უფლება ენიჭება მხოლოდ ბრალდების მხარეს. დაცვის მხარეს არ გააჩნია უფლებამოსილება, მოიპოვოს მსგავსი სახის მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, თუ ალბათობის როგორი ხარისხით ასაბუთებს კონკრეტული მტკიცებულება ბრალდებულის უდანაშაულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ, თუ დაცვის მხარეს შესაბამისი პირი ნებაყოფლობით არ გადასცემს აღნიშნული ტიპის ინფორმაციას, დაცვის მხარეს მოქმედი კანონმდებლობა ართმევს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას, ვინაიდან სადავო ნორმა დაცვის მხარეს უკრძალავს კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას, ასევე პირის უფლებას, დაიცვას თავი და შეაგროვოს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულები.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.