სიახლეები
საქართველოს მოქალაქეები - ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო №1/19/1219,1236 განჩინება საქართველოს მოქალაქეების ემზარ პაქსაძისა და თამარ სადრაძის კონსტიტუციურ სარჩელებზე (კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის №1219 და №1236) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
კონსტიტუციურ სარჩელებში სადავო გარემოებას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულაციები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელ სასამართლო პროცესის მონაწილეს ართმევდა მისი დაჯარიმების შესახებ მოსამართლის განკარგულების გასაჩივრების უფლებას. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება წარმოადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და სადავო ნორმებით განსაზღვრული წესი წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა ხსენებულ საქმეში სადავო რეგულაციების სამართლებრივი ხასიათი და მისი მიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილებით დადგენილ პრინციპებთან. სასამართლომ განსაზღვრა, რომ, მიუხედავად სამოქალაქო და სისხლის საპროცესო სამართალს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავებებისა, შინაარსობრივი თვალსაზრისით სადავო ნორმები ადგენდა ხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ მოწესრიგებას და, შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი საფუძვლით არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/19/1219,1236 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.
დავის საგანი: ა) №1219 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის სიტყვების ,,ეს განკარგულება არ გასაჩივრდება" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) №1236 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის და 240-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/19/1219,1236 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ემზარ პაქსაძე და თამარ სადრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.