სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები თამარ სადრაძე და ემზარ პაქსაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 14 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქართველოს მოქალაქეების თამარ სადრაძისა და ემზარ პაქსაძის კონსტიტუციური სარჩელების (რეგისტრაციის N1219 და N1236) არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ რეგულაციას, რომლითაც აკრძალულია პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაჯარიმების შესახებ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის განკარგულების გასაჩივრება. მოსარჩელეთა მტკიცებით, მათ ეზღუდებათ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, ვინაიდან განკარგულება ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას, რის შემდეგაც დაჯარიმებული პირი კარგავს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები და უზრუნველყოს საკუთარი თავის სამართლიანი დაცვა ზემდგომ ინსტანციაში.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ეწევიან საადვოკატო საქმიანობას და წარმოადგენენ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის მონაწილეებს. მათი აზრით, ადვოკატს, რომელსაც აჯარიმებს სასამართლო არ აქვს საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამიტომ ზედა ინსტანციამ სანქცირებული ადვოკატის მოსაზრების მოსმენის გზით ქვედა ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების ფუნქციაც უნდა იკისროს.

N1219 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს განმწესრიგებელ სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინების მიღების თაობაზე. N1236 კონსტიტუციური სარჩელით კი, მოსარჩელე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმათა შეჩერებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის სიტყვების „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“ და ამავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ეს განკარგულება არ გასაჩივრდება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.