სიახლეები
საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო №759 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
მოსარჩელე მხარისათვის პრობლემური იყო ის გარემოება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოში ასარჩევად მოეთხოვებოდათ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრობა, რაც მათი განმარტებით, ზღუდავდა გაერთიანების თავისუფლებას (კონსტიტუციის 26-ე მუხლი), კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპსა (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას (კონსტიტუციის 29-ე მუხლი).
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა არ ადგენს სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანების იძულებას. შესაბამისად იგი არ ზღუდავს გაერთიანების თავისუფლებას. ამავე დროს, სასამართლომ მიუთითა, რომ უნივერსიტეტის მართვა არ წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, მის რომელიმე ორგანოში საქმიანობა ვერ ჩაითვლება სახელმწიფო სამსახურად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები არ ზღუდავს გაერთიანების თავისუფლებასა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმები, ასევე არ ზღუდავს თანასწორობის უფლებას, რამდენადაც თითოეულ სტუდენტს, რომელსაც სურს არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრად, წაეყენება იდენტური მოთხოვნა. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ნეიტრალური შინაარსისაა და არ იწვევს თანასწორ პირთა დიფერენცირებას.
ხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, №759 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
დავის საგანი: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.