სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 2 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა  (კონსტიტუციური სარჩელი №828).

№828 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები ადგენენ იმ პირისთვის დანიშნული სასჯელის შემცირების წესს, რომელზედაც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“  საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სასჯელად უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული, თუმცა მათ სასჯელი ფაქტობრივად არ უმცირდებათ და მაინც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა რჩებათ შეფარდებული, როდესაც იმავე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც დაენიშნათ შესაბამისი ვადით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. სარჩელის მიხედვით, „ამნისტიის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები არის ბუნდოვანი, განუჭვრეტადი და დისკრიმინაციული უვადოდ მსჯავრდებულებთან მიმართებაში, რის გამოც მსგავსი რეგულაცია არღვევს სასჯელის ზომისა და სახის ნიშნის საფუძველზე მოსარჩელეთა თანასწორობის უფლებას.

№828 კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

 დავის საგანი„ამნისტიის შესახებ“  საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.